დღეს მთელი საქართველო უდიდესი სიხარულით აღნიშნავს და მთელი გულით ულოცავს 80 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტის მისალოცი სიტყვა:
"გულითა და სულით ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღს.
უკვე 35 წელია, რაც იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლია. ამ ხნის განმავლობაში იგი უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას.
დღეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩვენს ეკლესიასთან ერთად ვაშენებთ, რადგან ჩვენი ძლიერება ჩვენსავე ერთობაშია, თანადგომასა და სიყვარულში. ამ ერთობაში განუზომელია მისი უწმინდესობის პირადი წვლილი, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობლისა და ერის მოძღვრის ღვაწლი.
ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ."
პრემიერ-მინისტრმა, თავის მისალოც სიტყვაში, განსაკუთრებით ხაზგასმულად აღნიშნა პატრიარქის უდიდესი წვლილი საქართველოს ისტორიაში:
"თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს. განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლებლების საქმეში. თქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი – აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. თქვენი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს. როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამა, თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველას, თქვენს სულიერ შვილებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ."
Комментариев нет:
Отправить комментарий