ალილო, უძველესი საშობაო ტრადიცია, იგი საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და
შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს ყველა კუთხეში საშობაო
მსვლელობებით აღინიშნებოდა. ამ დღეს განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა
მართლმადიდებელ მრევლში. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები
ჩამოივლიდნენ უბან-უბან, ჩერდებოდნენ თითოული ჭიშკრის წინ და ყველას
სიმღერით ულოცავდნენ ქრისტეშობას:
"ალილო, ალილო, შობა თენდება,
ახალი წლის სიხარულს რა შეედრება.
რეკავენ ზარები, დილა თენდება,
სითბო და სიკეთე დაგვებედება.
ალილო...ახალი წლის სიხარულს რა შეედრება.
რეკავენ ზარები, დილა თენდება,
სითბო და სიკეთე დაგვებედება.
ალილო...
ალილო..."
მგალობლებს თან დაჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობისგან შემოწირული პროდუქტებით, ტკბილეულითა და სხვადასხვა საჩუქრებით ავსებდა. უდიდესი მადლი იყო ჩადებული ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში და შობის დღესასწაულთან ერთად ქველმოქმედების ზეიმიც იყო ეს - საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადაცემდნენ.
გასაბჭოების შემდეგ ეს ტრადიცია აიკრძალა საქართველოში და ამ საუკუნეში იგი ისევ აღდგა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი უშუალო ინიციატივით. მართლაც შთამბეჭდავი სანახაობაა სტიქაროსნები თეთრი ბაირაღებითა და დროშებით, სამღვდელოება ლოცვა-კურთხევით, ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და განსაკუთრებული ამაღლებული გრძნობა გეუფლება, როცა ზეიმში მონაწილე პატარა ანგელოზების რიგი ჩამოივლის.
ტრადიციულად ალილოს მონაწილეები ვარდების მოედნიდან იწყებენ მსვლელობას, გაივლიან რუსთაველის გამზირ, ესტუმრებიან სიონს, პრეზიდენტის სასახლეს და მიემართებიან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, გზადაგზა საჩუქრებსა და შემოწირულობებს ღებულობენ პოლიტიკოსებისა და ქალაქის მაცხოვრებლბისაგან. მეორე მსვლელობა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ისიც სამების საკათედრო ტაძრისაკენ მიემართება.
გთავაზობთ 2010 და 2012 წელს გადაღებულ საშობაო მსვლელობის ამსახველ ფოტოსა და ვიდეოებს:
Комментариев нет:
Отправить комментарий