საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ
ხუთშაბათი, 06 მარტი 2014 21:50
პარლამენტის
პლენარული სხდომა დღის წესრიგის დამტკიცებით დაიწყო. ბიუროზე მიღებული
გადაწყვეტილების თანახმად, სხდომის დასაწყისში, კანონმდებლებმა პირველ
საკითხებად დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტები განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ მეორე მოსმენით,
მუხლობრივად „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ კი, ასევე
მეორე მოსმენით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა.
პლენარული სხდომა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის განხილვით გაგრძელდა. უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ მისი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებულ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მათთვის პრინციპული იყო დადგენილების ტექსტში რუსეთისადმი სანქციების დაწესების მოთხოვნა, თუმცა უმრავლესობამ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა. „ზოგადი განცხადებების გაკეთებას აზრი არ აქვს და ვთვლიდით, რომ აუცილებელი იყო სანქციების დაწესება მაშინ, როცა ამ საკითხებზე აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებიც საუბრობენ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე განცხადებით, ტექსტში, რომელსაც კონსულტაციების დროს უმრავლესობა სთავაზობდა საუბარი არ იყო უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობაზე, რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე და რუსეთის იძულებაზე უკრაინის ტერიტორიის დატოვებაზე. მისივე თქმით, კარგია, რომ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ საბოლოო ტექსტში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მაინც მოხვდა, თუმცა უმცირესობას ერთი დღე დაჭირდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა უმრავლესობა, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხის ხსენება საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში მნიშვნელოვანი და ბევრის მანიშნებელია.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის წევრებს „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხადაჭერის შესახებ“ პარლამენტის რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. 8-პუნქტიან რეზოლუციის ტექსტში საქართველოს პარლამენტი სრულ მხადაჭერას გამოხატავს თავისუფლებამოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პარლამენტი გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ ქმედებებს და საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. პროექტის ბოლო პუნქტში პარლამენტი ევროკავშირსა და ნატოს საქართველოს და ყველა იმ ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მზად არიან ამისთვის და რომელთა თავისუფალ არჩევანს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. ვიქტორ დოლიძემ ერთობლივი დოკუმენტის შეუჯერებლობის მიზეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით დღევანდელი მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკის გატარებას რიტორიკისა და შოუების საფუძველზე არ აპირებს.
"სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი სიტყვა და არა შინაარსი იქცა პროცესის ჩაშლის მიზეზი. ბევრი ისაუბრეთ ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ასე შემდეგ. არ დავიწყებ ახსნა-განმარტებას და სწავლებას, რას ეფუძნება რეზოლუცია და როგორ დგება დოკუმენტები. მე მაინტერესებს, ეს დოკუმენტი იყო უკრაინაზე, თუ იყო საქართველოზე? ოკუპაცია თუ ეთნიკური წმენდა რა დოზით არ არის წარმოდგენილ დოკუმენტში? თქვენ რა პრინციპით არ ეთანხმებით მას? ეს არის უკრაინისადმი შედეგზე ორიენტირებული და მიზანმიმართული რეზოლუცია", – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
Комментариев нет:
Отправить комментарий